ძველი
საქართველო (ნაწილი პირველი)
2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადაასვენეს ახალშექმნილი „საქართველოს იმედის“ ხატი. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს:
„დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი - „საქართველოს იმედი“. ის ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულთმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით, სიყვარულით მიეახლება, აღუსრულდება თხოვა და ლოცვა. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!“
„გურჯი ბოღაზი“ - „ქართული კარი“ - ასე ეძახიან ზეკარს, რომელსაც ბაიბურთისა და ისპირის მთები ქმნის. აქედან იწყებოდა ძველი საქართველო...
ჩვენი პროექტის XII-XIII წიგნები სწორედ ძველ საქართველოს ეძღვნება, ჩვენი სახელმწიფოსა და კულტურის აკვანს, ტაო-კლარჯეთს, და იქ მოღვაწე კლარჯ მამებს. ზოგიერთი მათგანი „საქართველოს იმედის“ ხატზეც არის გამოხატული, მათ შორის: წმინდა გრიგოლ ხანძთელი (#93 და #217), წმინდათა შორის მამაი ჩვენი არსენ დიდი, კათალიკოსი (#83); წმინდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (#216); ღირსი ზაქარია ანჩელი, მღვდელმთავარი (#102); წმინდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (#214); წმინდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი (#204); ღირსი მიქელ პარეხელი (#223); ღირსი დედა ფებრონია (#231).
თავდაპირველად გვსურს ტაო-კლარჯეთის ისტორია შემოგთავაზოთ, იმ დრომდე, ვიდრე იქ წმინდა გრიგოლ ხანძთელი მიბრძანდებოდა.
ტაო-კლარჯეთის ისტორია
ტაო-კლარჯეთი კრებითი სახელია ისტორიული ტერიტორიისა, რომელიც ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში შედის. იგი მოიცავს ჭოროხისა და მტკვრის აუზების ისტორიულ ქართულ პროვინციებს (ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის ნაწილები). ეს მრავალფეროვანი რეგიონი საოცრად მდიდარია ქართული ისტორიული ძეგლებით: ოშკი, ბანა, ხახული, პარხალი, იშხანი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი...
ამ ლეგენდარული კუთხის შესახებ გადმოცემები ფართოდ აისახა ჯერ კიდევ ანტიკურ თქმულებებსა და მითოსში, რაც ტაო-კლარჯეთის მხარეს განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს. მას შემდეგ, რაც კავკასიის მთებზე მიჯაჭვული პრომეთე დატოვა მის სანუგეშოდ მოსულმა ოკეანემ, ოკეანიდებთან საუბარში ტიტანი პრომეთე უყვება მათ, თუ როგორ გამოსტაცა მოსხის მთაზე ზევსს ცეცხლი. ასე მოგვითხრობს ესქილეს ტრაგედია „მიჯაჭვული პრომეთე“. როგორც ცნობილია, ქართულ მითოლოგიაშიც არსებობს მსგავსი თქმულება ამირანის შესახებ. ჯავახეთის ზეგანზე დღესაც არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ამირანის გორას“ უწოდებს.
როგორც ზევსის მიერ პრომეთეს კავკასიის მთებზე მიჯაჭვის, ასევე იასონის კოლხეთში ლაშქრობისას ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენების შესახებ ლეგენდებმაც ვერ აუარეს გვერდი ტაო-კლარჯეთის მიწას. ამის ნათელი დადასტურებაა მითები ჰერაკლეს, არგონავტების, ჰელიოსის ძის - აიეტისა და აიეტის ასულის - მედეას შესახებ.
პირველი მატერიალური კულტურის ძეგლები და პირველი ტომობრივი გაერთიანებები დიაოხში (ტაოხში, ტაოში) შეიქმნა ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში და იარსება ძვ. წ. VIII საუკუნემდე. ურარტუს მეფეების - არგიშთისა და სარდურ II-ის წერილობით დოკუმენტებში დიაოხები და კოლხები მოხსენიებულნი არიან მსხვილ ტომობრივ გაერთიანებებად.
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია, ე.ი. კოლხეთის ტერიტორია, მდინარე ჭოროხის შესართავის დასავლეთით და იბერიის ტერიტორია, მდინარე მტკვრის სათავისა და ჩილდირის ტბის სამხრეთით, უძველესი დროიდანვე მთლიანად დასახლებული იყო ქართული ტომებით, რომლებიც შემდგომ ქართველ ერად გაერთიანდნენ. ჩვენამდე შემორჩენილი ისტორიული ცნობებიდან აღსანიშნავია: ჰეროდოტეს (ძვ. წ. 490/480-425 წწ.), ქსენოფონტეს (ძვ. წ. V ს.), სოფენტე სტიმამფელის (ძვ. წ. V ს.), სტრაბონის (ძვ. წ. 63-ახ. წ. 24 წწ.), პლინიუს სეკუნდეს (23-79 წწ.), პლუტარქეს (46-126 წწ.), კლავდიუს პტოლემაიოსის (II საუკუნის მე-2 ნახევარი), ფავსტოს ბიზანტიელის (V ს.), მოსე ხორენელის და სხვათა ცნობები.
ს. ჯანაშია და ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავენ, რომ „ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ II საუკუნის დამდეგს იბერიას ეკუთვნის პარიადრის მთიანი ოლქი (ახლანდელი სივასის ოლქის აღმოსავლეთი სექტორი), ხეთთა ძველი სამეფოს ერთ-ერთი ძირითადი რაიონი. აქ იბერია გადიოდა შავ ზღვაზე, რასაც გვიჩვენებს ტიბარანიის სახელწოდება, რომელსაც ატარებდა ქვეყანა ჰალისის შესართავის აღმოსავლეთით ჯერ კიდევ სტრაბონის დროს“ (ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი. „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიის შესახებ“. გაზ. „კომუნისტი“, 14 დეკემბერი, 1945). ძვ. წ. 66 წელს მითრიდატე პონტოელს, რომელიც პომპეუსს გამოექცა, ევფრატის ზემო წელში შეტაკება მოუხდა ადგილობრივ იბერებთან, ძველი ქართული პროვინციის მკვიდრ მცხოვრებლებთან.
ტიბარანიის აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა მეორე ქართული სახელმწიფო კოლხეთი, ერთ-ერთი - წინა აზიის VI საუკუნის ოთხ უდიდეს სახელმწიფოთაგან, როგორც ამას მოწმობს „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე. მეცნიერებას მოეპოვება სარწმუნო ცნობები